Wednesday, September 13, 2017

"გილგამეში და უკვდავება"

გილგამეში და უკვდავება
  არსებობს  „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა , ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა“-ამბობს ეკლესიასტე .საკითხავია , რა იგრძნო ადამიანმა ,სულ პირველად  რომ ნახა სხვა ადამიანის სიკვდილი ან როდის გაიაზრა , რომ ერთ დღეს თავადაც მოკვდება , რომ შეიძლება ,წამებში გაქრეს ყველაფერი , რაც სუნთქავს და არსებობს. პირველად მტკივნეული გაკვირვებაა , ალბათ, დაჯერება რომ არ გინდა ისეთ სიმართლესთან შეჯახება  , შემდეგ პროტესტის გრძნობა ამ „უსამართლობის გამო“ და ბოლოს შერიგება .შერიგება სიკვდილთან.
   გილგამეში კაცობრიობის სახეა და სიკვდილთან შერიგების ეს პროცესიც თანმიმდევრულად განვლო . ეპოსში სულიერი ტრანსფორმაცია და მასშტაბური აღმოჩენები  , რომლებიც გილგამეშის, როგორც ადამიანის, შინაგან სამყაროში ხდება , ძალიან საინტერესოდაა აღწერილი.
   სიკვდილის ფაქტთან შეჯახება გილგამეშის მეგობრის ენქიდუს სიკვდილით იწყება.,ურუქის მეფე აანალიზებს და მას  ძრწოლას ჰგვრის  გარდაუვალი სიკვდილის არსებობა „ ნუთუ მის მსგავსად მეც დავიძინებ და ვერასოდეს ვეღარ ავდგები?“ და გილგამეშის თვითმიზანი უკვდავების მოხელთება ხდება. ეს ერთი ადამიანის კი არა, მარადიული კაცობრიული მისწრაფებაა  , რომელიც ამ ეპოსის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ამ მისწრაფების საფუძველზე შეიქმნა , ჩემი აზრით, სულის პერსონალური უკვდავების იდეა , რელიგიები , იმიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ უამრავი გადმოცემა. გილგამეში შეუპოვარია თავისი მიზნისთვის ბრძოლისკენ მიმავალ გზაზე, ღმერთები აფრთხილებენ მას, რომ ვერასოდეს მოიპოვებს მარადიულ სუნთქვას და რომ სუსტია ადამიანი და უსუსური ამ ბუნებრივი კანონზომიერების წინაშე.  გასაოცარია იმის წარმოდგენა , რომ ათასწლეულების წინ ამ ორ მდინარეს შორის მოქცეულ ცივილიზაციაში , ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანების ფიქრები ასე ნაცნობი და ახლობელია. თითქოს ადამიანი არც შეცვლილა. გუთნით ამუშავებს მიწას იგი , თუ მთვარეზე  დგამს ნაბიჯებს , სიკვდილი მისთვის პასუხგაუცემელ კითხვად რჩება.  ძალიან საინტერესოა „მეღვინე ქალის“ სიდურის მცდელობები  ურუქიდან დაძრულ ჯიუტ უკვდავების მძებნელ კაცს, ხელი ააღებინოს განზრახვაზე. ის ასე შემოფარგლავს მოკვდავების , ჩვენი , ადამიანების სიცოცხლის არსს.
„აწ სავსე გქონდეს სტომაქი , გილგამეშ,
მოილხინე დღითა და ღამით ,
რამეთუ ესაა ხვედრი მოკვდავთა“
როცა გილგამეშის ეპოსი იწერება , კაცობრიობამ იცის, რომ „არა მხოლოდ პურით ცხონდება კაცი“  და , რომ ადამიანი უბრალოდ კი არ უნდა არსებობდეს, არამედ უნდა ცხოვრობდეს.ამ სიტყვების უმაღლესი მნიშვნელობით .
 ღმერთებმა საკუთარ  უსუსურობაში დასარწმუნებლად საოცრად ცინიკური ექსპერიმენტი მოუწყვეს გილგამეშს, გაძლებდა თუ არა იგი, 6დღესა და 7 ღამეს ძილის გარეშე. სიკვდილის ორეულმა  უკვდავება „ დაათმობინა“ მისდაუნებურად ურუქის მეფეს და გილგამეში „სიკვდილივით წაიღო ძილმა. („რა მცირე ღელე დააღრჩობს ზღვათა გადამლახავს?!“)
და ვერც სიჭაბუკის ბალახს შეინარჩუნებს , გველი წაართმევს მას, (შესაძლებელია , ბიბლიასთანაც გავავლოთ პარალელი ამ ეპიზოდიდან გამომდინარე ) ერთი სიტყვით,გილგამეში , ადამიანი , კაცობრიობა მარცხდება სიკვდილის წინაშე და ეგუება მას. ამას გვიამბობს დღეისთვის ცნობილი პირველი ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი.
„აუცდენელია , გილგამეშ, უწყალო სიკვდილი.
განა სამუდამოდ ვიშენებთ სახლებს?
განა სამუდამოდ მძულვარებენ მტრები?...“
მოგვიანებით , რომაელი იმპერატორი მარკუს ავრელიუსი თავის  „ფიქრებში“ სიკვდილს ამ შემაძრწუნებელ ელფერს შემოაძარცვავს : „უგუნურებაა -გეშინოდეს ბუნების ქმედებისა, სიკვდილი კი არა მარტო ბუნების ქმედებაა, არამედ მისი სასარგებლო ქმედებაც“.
  გილგამეშის ეპოსი საუკუნეების წინ დაწერილი ნაწარმოებია მარადიული პრობლემით. ერთი შეხედვით, მითოლოგიისა  და ილუზიებისგან დაცლილი თანამედროვე რაციონალური კაცობრიობაც , ვერ გაურბის კითხვებს სიცოცხლესა და სიკვდილზე, არ ნებდება ადამიანი და ეძებს „სიჭაბუკის ბალახებს“ (მედიცინის , ქიმიის, ბიოლოგიის-მეცნიერების დახმარებით), იღებს ფილმებს , წერს წიგნებს და ამ მოკრძალებულ ოცნებას , ჯერ კიდევ გილგამეშმა რომ უმემკვიდრა კაცობრიობას , ფრთებს ასხამს საკუთარ ფანტაზიებში მაინც. („დორიან გრეის პორტრეტი“ , „დრაკულა“ , „ჰარი პოტერი“ , „ფრანკენშტეინი“ ) ცდილობენ სიკვდილის დამარცხებას („ქმნიდე ნიშნავს მოკლა სიკვდილი“).  თუმცა , არიან ისეთებიც ვინც, ფიქრობს , რომ „ უკვდავება  სიკვდილზე ბევრად უფრო საზარელი რამ არის“(ბენჟამინ ფრანკლინი)

გილგამეშმა აღმოაჩინა, რომ რადგან უკვდავება არ არსებობს, მაშინ ის ყოფილა ფასეული , რაც გვაქვს , ანუ სიცოცხლე , რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს იგი . სიცოცხლეა უმთავრესი და უპირველესი ადამიანური ღირებულება

No comments:

Post a Comment

"გილგამეში და უკვდავება"

გილგამეში და უკვდავება   არსებობს  „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა , ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა“-ამბობს ეკლესიასტ...