Wednesday, September 13, 2017

"გილგამეში და უკვდავება"

გილგამეში და უკვდავება
  არსებობს  „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა , ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა“-ამბობს ეკლესიასტე .საკითხავია , რა იგრძნო ადამიანმა ,სულ პირველად  რომ ნახა სხვა ადამიანის სიკვდილი ან როდის გაიაზრა , რომ ერთ დღეს თავადაც მოკვდება , რომ შეიძლება ,წამებში გაქრეს ყველაფერი , რაც სუნთქავს და არსებობს. პირველად მტკივნეული გაკვირვებაა , ალბათ, დაჯერება რომ არ გინდა ისეთ სიმართლესთან შეჯახება  , შემდეგ პროტესტის გრძნობა ამ „უსამართლობის გამო“ და ბოლოს შერიგება .შერიგება სიკვდილთან.
   გილგამეში კაცობრიობის სახეა და სიკვდილთან შერიგების ეს პროცესიც თანმიმდევრულად განვლო . ეპოსში სულიერი ტრანსფორმაცია და მასშტაბური აღმოჩენები  , რომლებიც გილგამეშის, როგორც ადამიანის, შინაგან სამყაროში ხდება , ძალიან საინტერესოდაა აღწერილი.
   სიკვდილის ფაქტთან შეჯახება გილგამეშის მეგობრის ენქიდუს სიკვდილით იწყება.,ურუქის მეფე აანალიზებს და მას  ძრწოლას ჰგვრის  გარდაუვალი სიკვდილის არსებობა „ ნუთუ მის მსგავსად მეც დავიძინებ და ვერასოდეს ვეღარ ავდგები?“ და გილგამეშის თვითმიზანი უკვდავების მოხელთება ხდება. ეს ერთი ადამიანის კი არა, მარადიული კაცობრიული მისწრაფებაა  , რომელიც ამ ეპოსის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ამ მისწრაფების საფუძველზე შეიქმნა , ჩემი აზრით, სულის პერსონალური უკვდავების იდეა , რელიგიები , იმიერი სიცოცხლის არსებობის შესახებ უამრავი გადმოცემა. გილგამეში შეუპოვარია თავისი მიზნისთვის ბრძოლისკენ მიმავალ გზაზე, ღმერთები აფრთხილებენ მას, რომ ვერასოდეს მოიპოვებს მარადიულ სუნთქვას და რომ სუსტია ადამიანი და უსუსური ამ ბუნებრივი კანონზომიერების წინაშე.  გასაოცარია იმის წარმოდგენა , რომ ათასწლეულების წინ ამ ორ მდინარეს შორის მოქცეულ ცივილიზაციაში , ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანების ფიქრები ასე ნაცნობი და ახლობელია. თითქოს ადამიანი არც შეცვლილა. გუთნით ამუშავებს მიწას იგი , თუ მთვარეზე  დგამს ნაბიჯებს , სიკვდილი მისთვის პასუხგაუცემელ კითხვად რჩება.  ძალიან საინტერესოა „მეღვინე ქალის“ სიდურის მცდელობები  ურუქიდან დაძრულ ჯიუტ უკვდავების მძებნელ კაცს, ხელი ააღებინოს განზრახვაზე. ის ასე შემოფარგლავს მოკვდავების , ჩვენი , ადამიანების სიცოცხლის არსს.
„აწ სავსე გქონდეს სტომაქი , გილგამეშ,
მოილხინე დღითა და ღამით ,
რამეთუ ესაა ხვედრი მოკვდავთა“
როცა გილგამეშის ეპოსი იწერება , კაცობრიობამ იცის, რომ „არა მხოლოდ პურით ცხონდება კაცი“  და , რომ ადამიანი უბრალოდ კი არ უნდა არსებობდეს, არამედ უნდა ცხოვრობდეს.ამ სიტყვების უმაღლესი მნიშვნელობით .
 ღმერთებმა საკუთარ  უსუსურობაში დასარწმუნებლად საოცრად ცინიკური ექსპერიმენტი მოუწყვეს გილგამეშს, გაძლებდა თუ არა იგი, 6დღესა და 7 ღამეს ძილის გარეშე. სიკვდილის ორეულმა  უკვდავება „ დაათმობინა“ მისდაუნებურად ურუქის მეფეს და გილგამეში „სიკვდილივით წაიღო ძილმა. („რა მცირე ღელე დააღრჩობს ზღვათა გადამლახავს?!“)
და ვერც სიჭაბუკის ბალახს შეინარჩუნებს , გველი წაართმევს მას, (შესაძლებელია , ბიბლიასთანაც გავავლოთ პარალელი ამ ეპიზოდიდან გამომდინარე ) ერთი სიტყვით,გილგამეში , ადამიანი , კაცობრიობა მარცხდება სიკვდილის წინაშე და ეგუება მას. ამას გვიამბობს დღეისთვის ცნობილი პირველი ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი.
„აუცდენელია , გილგამეშ, უწყალო სიკვდილი.
განა სამუდამოდ ვიშენებთ სახლებს?
განა სამუდამოდ მძულვარებენ მტრები?...“
მოგვიანებით , რომაელი იმპერატორი მარკუს ავრელიუსი თავის  „ფიქრებში“ სიკვდილს ამ შემაძრწუნებელ ელფერს შემოაძარცვავს : „უგუნურებაა -გეშინოდეს ბუნების ქმედებისა, სიკვდილი კი არა მარტო ბუნების ქმედებაა, არამედ მისი სასარგებლო ქმედებაც“.
  გილგამეშის ეპოსი საუკუნეების წინ დაწერილი ნაწარმოებია მარადიული პრობლემით. ერთი შეხედვით, მითოლოგიისა  და ილუზიებისგან დაცლილი თანამედროვე რაციონალური კაცობრიობაც , ვერ გაურბის კითხვებს სიცოცხლესა და სიკვდილზე, არ ნებდება ადამიანი და ეძებს „სიჭაბუკის ბალახებს“ (მედიცინის , ქიმიის, ბიოლოგიის-მეცნიერების დახმარებით), იღებს ფილმებს , წერს წიგნებს და ამ მოკრძალებულ ოცნებას , ჯერ კიდევ გილგამეშმა რომ უმემკვიდრა კაცობრიობას , ფრთებს ასხამს საკუთარ ფანტაზიებში მაინც. („დორიან გრეის პორტრეტი“ , „დრაკულა“ , „ჰარი პოტერი“ , „ფრანკენშტეინი“ ) ცდილობენ სიკვდილის დამარცხებას („ქმნიდე ნიშნავს მოკლა სიკვდილი“).  თუმცა , არიან ისეთებიც ვინც, ფიქრობს , რომ „ უკვდავება  სიკვდილზე ბევრად უფრო საზარელი რამ არის“(ბენჟამინ ფრანკლინი)

გილგამეშმა აღმოაჩინა, რომ რადგან უკვდავება არ არსებობს, მაშინ ის ყოფილა ფასეული , რაც გვაქვს , ანუ სიცოცხლე , რაც არ უნდა ხანმოკლე იყოს იგი . სიცოცხლეა უმთავრესი და უპირველესი ადამიანური ღირებულება

"მძინარე ჰერმაფროდიტი"

“He suddenly recalled from Plato's Symposium: People were hermaphrodites until God split then in two, and now all the halves wander the world over seeking one another. Love is the longing for the half of ourselves we have lost.”                                     

 მილან კუნდერა  ,  „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“

,,რა უნდათ მოკვდავებს ერთმანეთისგან?“ -კითხულობს  ჰეფესტოსი პლატონის „სიმპოზიუმში“. ისეთი რთული საკითხია , ზეციური ძალაც უმწეოა ამომწურავი პასუხი მოუძებნოს . ბერძნული მითოლოგია იმდენი უცნაურობითაა სავსე , ადამიანური ფანტაზიის ვერც ერთი დეტალი ვეღარ გაგაკვირვებს , მით უმეტეს , ის , რაც რეალობისგან არც ისე შორსაა. ხელოვნება კითხვების დასმაში გვეხმარება , თუმცა იგი პასუხებს ვერ გვაპოვნინებს , ვფიქრობ.


თუ მშვენიერება  მართლა თვალის მიერ იმის აღმოჩენაა , რაც გონებამ უკვე იცის , დილეტანტიც კი შეუძლებელია აღტაცებაში არ მოვიდეს ამ სკულპტურის ხილვისას. მძინარე ქალის სხეული , დახვეწილი , ლამაზი ფიგურა ,მაღალი ხელოვნებით ქანდაკებაში ასახული ვარცხნილობა. ფიგურას სძინავს , სძინავს მოუსვენრად და ეს მოუსვენრობაც ხელშესახებია. ხელოვანი ამას ფეხის მოძრაობით გამოხატავს , თითქოს იგი დაუცველია , თითქოს მზადაა გაიქცეს . ყველაფერი ისე ვერ არის , როგორც უნდა იყოს .
ქანდაკებას თუ მეორე მხრიდან შევხედავთ , შესაძლოა ვიპოვოთ ერთ-ერთი მიზეზი , რაც გაგვაოცებს ერთდროულად , ადამიანთა ნაწილში , შესაძლოა, არაესთეტიკური ემოციაც გააღვიძოს , ნაწილში გაურკვევლობის გრძნობა .
საქმე ისაა , რომ სკუპლტურაზე მძინარე ფიგურა ჰერმაფროდიტია. ქალის სხეულით და მამაკაცის გენიტალიებით .

ჰერმაფროდიტოსი , მითის თანახმად , სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს და ჰერმესის შვილია. უპასუხოდ დატოვებული სიყვარულის გამო კი უარყოფილი ნიმფას შურისძიების მსხვერპლი ხდება. ღმერთები მათ ,,სამუდამოდ შეაერთებენ“.ეს ხელოვნებაა. და , ვფიქრობ გაცილებით მეტია , ვიდრე „უცნაური“ ბიოლოგიური რეალობის აღწერა . ბევრად მეტი .  ვარაუდობენ , რომ ეს ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული ,,ზეციური ექსპერიმენტია“ , რომ ღმერთს სურდა მესამე სქესის მიღება , რაღაც საშუალო ფენომენის , ან მათ მიღმა მდგომის . ჯერომ ჯორდან პოლიტი ამბობს , რომ ლიტერატურაში , მითოლოგიასა თუ ხელოვნებაში ჰერმაფროდიტიზმი უფრო ქვეცნობიერი და ფსიქოლოგიური კომპლექსების გამოხატულებაა .პლატონის იდეა იქამდეც მიდის , რომ სულიერი განვითარების გარკვეულ საფეხურზე ქალი და კაცი ერთი მთლიანობა იყო . იგი „სიმპოზიუმში“ ამბობს რაღაც ამგვარს .რომ ადამიანური ბუნება ერთიანი იყო და სწრაფვას , სურვილს ამ ერთიანობასთან დაბრუნებაზე  სიყვარული ჰქვია.კაცობრიობის შეცდომების გამო ღმერთმა გახლიჩა ეს ერთიანობა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში , შესაძლოა კიდევ უფრო დაანაწევროს იგი . რისი სიმბოლოა მძინარე ჰერმაფროდიტი? რა აწუხებს მას? თავისი საშინლად არასრულყოფილი სრულყოფილება , თუ ის , რომ არ ჰყავს  დაკარგული ნახევარი , რომელსაც შეიძლება ეძებდეს . ოვიდიუსის ,,მეტამორფოზებშიც“ ჰერმაფროდიტი ღმერთების მიერ დასჯილია.
  საინტერესოა შეხედულება , იმის შესახებაც ,რომ ჰერმაფროდიტის გამოჩენა სკულპტურაში შესაძლოა დეფემინიზაციის პროცესს უკავშირდება . მამაკაცის როლის კიდევ უფრო ზრდას , მის დომინანტურ მდგომარეობას , ანუ სრულყოფილების ყოველგვარ მამაკაცურ საწყისთან გაიგივებას . მაგალითისთვის, ქალღმერთი ათენას დაბადების შესახებ შექმნილი მითი სულაც არ არის შემთხვევითი .ათენას ქანდაკებები უკვე ძვ.წ მე-5 საუკუნიდან თითქმის განძარცვულია ყოველგვარი ქალურისგან .
 მოცემულ სკულპტურაში მისი მძიმე ფიგურა გამოხატავს მეომარ , მებრძოლ ადამიანს და ძალიან ჰგავს ,,ქალის თავს, რომელიც მამაკაცის სხეულზე უბრალოდ დევს“ , აქ არსად არის ქალური სიმსუბუქისა და ჰაეროვნების განცდა .ჰერმაფროდიტის გამოსახულების შემთხვევაში ჩვენ თითქოს ამ დეფემინიზაციის კულმინაციას ვხედავთ, გვყავს ქალი , რომელიც საბოლოოდ „განკაცდა“ , თუმცა , ვინაიდან ეს სრულიად ორაზროვანია . ჩემთვის ეს შეხედულება ბოლომდე მაინც ვერ ხსნის ყველაფერს.


'What do you mortals want of one another?'

They would be unable to explain. And suppose further, that when he saw their perplexity he said: 'Do you desire to be wholly one; always day and night in one another's company? for if this is what you desire, I am ready to melt and fuse you together, so that being two you shall become one, and while you live  a common life as if you were a single man, and after your death in the world below still be one departed soul, instead of two
პლატონი „სიმპოზიუმი“
ვფიქრობ , „მძინარე ჰერმაფროდიტი“ მარტო ხელოვნებაში ნათქვამი ახალი სიტყვა არ არის , ჩემი სუბიექტური აღქმით, იგი ერთ სხეულში გამომწყდეული ორი სულის ამბავია და მოუსვენრად იმიტომ სძინავს , რომ ეს არ მოსწონს. მე მილან კუნდერას სიტყვებით დავიწყე და სრულიად გამიზნულად, რადგან მითი  იმის შესახებ, რომ ოდესღაც ერთი სრულყოფილი არსებისგან ღმერთმა ორი არასრულყოფილი ნახევარი შექმნა , მხოლოდ იმის გამო , რომ ისევ მოეძებნათ ერთმანეთი , გაცილებით უფრო მეტად ლამაზია და იმდენად მყარი , რომ მარტო ხელოვნება კი არა , მთელი სამყარო თავისი ყოველდღიურობით   მას ეყრდნობა , ამ მარტივი ფორმულის ირგვლივ ტრიალებს .

"გილგამეში და უკვდავება"

გილგამეში და უკვდავება   არსებობს  „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა , ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა“-ამბობს ეკლესიასტ...